კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების დარჩენილი ორი მეტოქის ვინაობა გაირკვა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე A ჯგუფში ესპანეთი იქნებოდა, პრესაკვალიფიკაციო ეტაპმა კი ჩვენს ჯგუფში დანია და უკრაინა გაამწესა.

ევროპის ზონიდან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე 12 საუკეთესო ნაკრები მოხვდება.

პირველი ეტაპი:

32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება – თითოეულში 4 გუნდი. ჯგუფის ფარგლებში ყველა ნაკრები ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდება. ჯგუფის საუკეთესო 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის.

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპზე გუნდები 4 ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები გათვალისწინებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გუნდები ახალ ჯგუფებში დაუპირისპირდებიან იმ ნაკრებებს, რომელთაც არ შეხვედრიან პირველ ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად. თითო ჯგუფიდან საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიო თასზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

27 ნოემბერი, 2025 წელი: საქართველო – უკრაინა

30 ნოემბერი, 2025 წელი: ესპანეთი – საქართველო

27 თებერვალი, 2026 წელი: დანია – საქართველო

2 მარტი, 2026 წელი: საქართველო – დანია

2 ივლისი, 2026 წელი: უკრაინა – საქართველო

5 ივლისი, 2026 წელი: საქართველო – ესპანეთი

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების დებიუტი პლანეტის პირველობაზე 2023 წელს შედგა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მაშინ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

წყარო: პირველი არხი