ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზების თანახმად, 2026 წლის ივნისისთვის ორგანიზაციის პერსონალის რაოდენობა თითქმის 2400-ით, 7000-მდე შემცირდება. ეს, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შემცირებით, პენსიაზე გასვლით და პერსონალის წასვლით არის განპირობებული, იუწყება „როიტერი“. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს დროებით კონსულტანტებს, რომლებიც, გაეროს წყაროების ცნობით, უკვე შემცირებულები არიან. ჯანმო-ს წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ თანამშრომელთა რაოდენობა შესაძლოა 22%-ით შემცირდეს.
ჯანმო-ს პრეზენტაციის თანახმად, ორგანიზაციის 2026-2027 წლების ბიუჯეტი 1.06 მილიარდი დოლარის დეფიციტს ითვალისწინებს, რაც მთლიანი საჭიროებების თითქმის მეოთხედია. თუმცა, ჯანმო-მ აღნიშნა, რომ პროგნოზი არ მოიცავს1.1 მილიარდი დოლარის მოსალოდნელ დაფინანსებას, რომლის საკითხიც ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც შეერთებული შტატები ჯანმო-დან გავიდა. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მიაჩნდა, რომ ჯანმომ არასწორად გაართვა თავი COVID-19 პანდემიას, ვერ შეძლო საჭირო რეფორმების სწრაფად განხორციელება და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა წევრი სახელმწიფოებისგან. დოკუმენტში ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის აშშ-ის გადახდები „უსამართლოდ აღემატებოდა“ სხვა ქვეყნებისთვის დარიცხულ თანხებს. კერძოდ, ჩინეთი, რომლის მოსახლეობა 1.4 მილიარდია (აშშ-ზე ოთხჯერ მეტი), თითქმის 90%-ით ნაკლებს იხდის, ვიდრე აშშ-ის მთავრობა.