„ფარმაცევტული კომპანიების ხარჯთაღრიცხვაში ძვირად ღირებული სამკაულის, სასტუმროში განთავსების, ძვირად ღირებული ავტომობილის შესყიდვის ხარჯები იყო შეტანილი“ - ამის შესახებ GCCA-ს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყეს.
მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“;შპს „კონცეპტ ფარმა“; შპს „ბარდი“;შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“;შპს „რიჩ გრუპი“; შპს „კროკუს ფარმა“; შპს „გეა“; შპს „BIH“-ი.
სააგენტოს განმარტებით, მოკვლევის შედეგად, ამათგან 4 კომპანია დაჯარიმდა.
- შპს გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმის მოცულობა - 249 144 ლარი;
- შპს კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი. ჯარიმის მოცულობა - 21 646 ლარი;
- შპს რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი. ჯარიმის მოცულობა - 77 936 ლარი;
- შპს გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმის მოცულობა - 210 632 ლარი;
საჯარიმო სანქციები განისაზღვრა 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.
„სანამ შემოვიდოდა რეფერენტული ფასები, რომელმაც ჭერი განსაზღვრა, ჩვენ გამოვავლინეთ 8 კომპანია და 14 მედიკამენტის შემთხვევა, როდესაც დადგინდა ჭარბი ფასი. გავაანალიზეთ ყველა ხარჯი: როდესაც კომპანიას შემოჰქონდა იმპორტით, აწვდიდა ფარმაცევტულ ქსელს და ის აწვდიდა მომხმარებელს. კვლევის საგანს წარმოადეგნდა პროცესი იმპორტიდან საბითუმო მიწოდებამდე, ანუ ფარმაცევტულ ქსელამდე. სწორედ საბითუმო მიწოდებაში აღმოვაჩინეთ ფასნამატები და როდესაც რიგმა კომპანიებმა ჩვენთან წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა, თუ რისგან შედგებოდა, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ იქ იყო ისეთი ხარჯები შეტანილი, როგორიცაა ძვირად ღირებული სამკაული, საქართველოსა და უცხოეთის ფეშენებელურ სასტუმროებში კონფერენციების მოწყობის ხარჯები, სასტუმროში განთავსების, ძვირად ღირებული ავტომობილის შესყიდვის და სხვადასხვა ტიპის ხარჯები.
შედეგად 4 კომპანია დავაჯარიმეთ, აქედან ორმა არ მიმართა სასამართლოს და ჯარიმა გადაიხადა, ხოლო ორთან ვაგრძელებთ დავას“ - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, გაუმჯობესებულმა კანონმდებლობამ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მისაღებად მათ აღსრულების უფრო მეტი ბერკეტი მისცა.