საფრანგეთში აღშფოთება გამოიწვია გენშტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის მოწოდებამ, რომ ქვეყანა რუსეთთან შესაძლო ომში შვილების დაკარგვისთვის მზად უნდა იყოს.
ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
საფრანგეთის ქალაქების მერებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალმა მოუწოდა ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, მოამზადონ მოქალაქეები იმისთვის, რომ შესაძლოა, დასჭირდეთ „მიიღონ ტანჯვა, საკუთარი მეობის დასაცავად“.
„მოსკოვის რეჟიმის შესაკავებლად საჭირო ცოდნა, ეკონომიკური და დემოგრაფიული სიძლიერე გვაქვს“, – განაცხადა მანდონმა.
მისი თქმით, „საფრანგეთი თუ არ იქნება მზად, მიიღოს თავისი შვილების დაკარგვა, ეკონომიკური გაჭირვება, რადგან პრიორიტეტი მიენიჭება თავდაცვის წარმოებას, მაშინ რისკის წინაშე ვიქნებით“.
ულტრამემარცხენეთა ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელიც პრეზიდენტად კენჭს სამჯერ იყრიდა, სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მანდონის საქმე არ არის, იწინასწარმეტყველოს მსხვერპლი, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს დიპლომატიურ წარუმატებლობას.
„კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა, ფაბიენ რუსელმა კი გენერალი ომის წაქეზებაში დაადანაშაულა.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ წევრმა, დეპუტატმა სებასტიენ შენუმ განაცხადა, რომ ფაბიენ მანდონს არ გააჩნია ლეგიტიმურობა მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად და შეშფოთება გამოთქვა, რომ გენერლის კომენტარი, შესაძლოა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოსაზრებას ასახავდეს.