2023 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით, ბუნებრივი აირის 43.1%-ით, სპილენძის კი 2.7%-ით გაიზარდა. 2023 წლის ივნისის მონაცემების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
2023 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით. 2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია. თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ით არის შემცირებული. ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.
2023 წლის ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილურია და მერყეობს 8,300 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ სპილენძის ფასის ზრდა არ გამოიწვია, რაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის შენელებით. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში სპილენძის ბაზარზე დადებითი მოლოდინებია, რადგან ეს ნედლეული მნიშვნელოვანია ელექტრული მანქანებისა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის.