ბრიუსელში მყოფმა უკრაინის დელეგაციამ ევროკავშირისგან გაწევრიანების პირობები მოლაპარაკებების ბოლო სამ კლასტერზე მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამი კლასტერია: „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური განვითარება“, „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება“ და „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ინტეგრაციის პოლიტიკა“.

„ამიერიდან, ისტორიაში პირველად, უკრაინას აქვს პირობების სრული პაკეტი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, 2025 წლის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო პირობები - საორიენტაციო მაჩვენებლები - სამი სხვა კლასტერისთვის: „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საფუძვლები“, „შიდა ბაზარი“ და „საგარეო ურთიერთობები“.

„ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ ევროპული ინტეგრაციის დაგეგმილ გზაზე. შემდეგი ნაბიჯებია ამ კლასტერების წარმატებით დახურვა და გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერა, რაც იქნება საბოლოო ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ“, - აღნიშნა სვირიდენკომ.

მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს გაწევრიანების პირობების შესრულებას, მათ შორის რეფორმების განხორციელებით.

www.interpressnews.ge