ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი 13%-ით გაიზარდა.
ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 13%-ით გაიზარდა და თავის მაქსიმუმს, 78.5 დოლარს დღეს გამთენიისას მიაღწია.
გარდა ამისა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმების სერია წამოიწყო, რამაც გლობალური ენერგომომარაგების საკვანძო მნიშვნელობის მქონე რეგიონში მასშტაბური ომის დაწყების შიში გააჩინა. ჰოლანდიური საორიენტაციო ფიუჩერსები 3.68%-ით გაიზარდა და დღეს დილის მონაცემებით, მეგავატ/საათზე 37.51 ევრო შეადგინა.
ცნობისთვის, ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.