ისეთი ტარიფები, როგორიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა, უკვე ასი წელია, არ ყოფილა, – ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მიხალ ბარანოვსკიმ განაცხადა.

ბარანოვსკის თქმით, „ბოლოს მსგავსმა ვითარებამ გამოიწვია დიდი დეპრესიის გაღრმავება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა, პოლიტიკური ექსტრემიზმის ზრდა და, როგორც ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, საერთაშორისო კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი გახდა“.

„სწორედ ეს დგას ახლა სასწორზე. იმედი მაქვს, ყველა გავითვალისწინებთ ისტორიის გაკვეთილებს“, – აღნიშნა ბარანოვსკიმ.

ამასთან, პოლონეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი წუხს შემოღებული ტარიფების გამო. მისივე თქმით, „სრულიად აშკარაა, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არ იქნება“.

„ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ მიდგომას „ჯერ ისროლე, შემდეგ ილაპარაკე“. იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ მოლაპარაკებებზე გადასვლას – სერიოზულ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა ბარანოვსკიმ.

პირველი არხი