ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბოლო თვეებში საქართველოში ჩამოსული ევროპელი სტუმრების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. დასავლელი ვიზიტორები სრულად აზიურმა ბაზარმა ჩაანაცვლა, თუმცა ამ ქვეყნებიდან საქართველოში დასვენებით მხარჯველუნარიანი მოსახლეობა არ ინტერესდება. შედეგად სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასტუმროებს ფასების მნიშვნელოვანი, 30-40%-იანი შემცირება მოუწიათ.

Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ შეცვლილი ბაზრის გამო ქუთაისში 4*-იანი სასტუმროები 3*-იანის, 3*-იანი კი საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების ბიუჯეტით პოზიციონირებენ. ამასთან, მისივე თქმით, აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები დამატებით აქტივობებში ფულს არ ხარჯავენ, ხოლო ზიანა, რომლებსაც ისინი ტოვებენ, ევროპელ სტუმრებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

„ყოველი მომდევნო წელი იმის ნაცვლად, რომ ბაზრისთვის იყოს უფრო მოგებიანი, პირიქით არის, უფრო დაბალ შემოსავლიანია. შესაბამისად 4*-იანი სასტუმროები პოზიციონირებენ როგორც 3*-იანები, ხოლო 3*-იანები როგორც ჰოსტელები ან საოჯახო სასტუმროები. ჩვენ თუ ვიღებდით ტურისტს, რომლის დანახარჯი იყო 100$, დღეს მოდის იგივე პირობებში, იგივე ტურში და უნდა 60$ ან უფრო ცოტა დახარჯოს.

ჩვენ ავტო გაქირავების სერვისში ვართ და თუ $60-$50 იყო, ახლა $35-ია, იგივეა სასტუმროებში, მათ უწევთ მორგება ბაზარზე და ფასდაკლებების გამოცხადებით 200 ლარიან ნომერს 100-120 ლარად აქირავებენ. ყველა ითხოვს დაკლებას, განსაკუთრებით ეს ეხება საამიროებიდან ჩამოსულ მიგრანტებს. კონკურენცია არ გვაქვს, ევროპიდან ჩამოსული ტურისტი არ გევაჭრება, ხედავს მომსახურებას, დონეს და იხდის შესაბამისად, აზიიდან ჩამოსულები ჯერ ფასზე გევაჭრებიან და ეს იწვევს ბაზრის გაფუჭებას. ჩვენ რომ ევროპული ტურისტების ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული, აზიიდან ჩამოსულებიც მოერგებოდნენ ამ ფასს. ჩვენ თუ გვეყოლებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან სტუმრები სერვისი აიწეოდა და აზიელი ტურისტებიც მოერგებოდნენ ამ რეალობას. ახლა პირიქით ხდება, ჩვენ გვიწევს მათზე მორგება. დღეს მოგზაურობენ ინდოეთიდან, პაკისტანიდან, აზიის დაბალ განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. პლუს ზიანი, რომელსაც ისინი ტოვებენ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპიდან ჩამოსულების შემთხვევაში. ესეც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ დანახარჯი და მიღებული შემოსავალი შეიძლება კატასტროფულად ასცდეს ერთმანეთს, არადა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უარს ვერ ვამბობთ მიღებაზე.

ჩვენ რასაც ვაკვირდებით ეს კატეგორია დღეში ხარჯავს ჯამურად ყველაფერში 50$-ს, რაც ძალიან დაბალია. მთელი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, რომ რესტორანში არ შევიდნენ, ღვინო და სხვა ადგილობრივი პროდუქცია არ შეიძინონ. თუმცა ამას დამატებითი კვლევა სჭირდება, ბანკების როლი იქნებოდა მნიშვნელოვანი იმის გასაგებად რამდენს და სად ხარჯავენ. აზიიდან ჩამოსული ტურისტი კარგია დაბალ სეზონზე, ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ოთხ სეზონიანი ვიყოთ, ყველა ბაზარს უნდა მოვერგოთ, მაგრამ ახლა მარტო ამათზე ვართ ჩამოკიდებული როგორც დაბალ, ისე მაღალ სეზონზე.“ - განაცხადა ბერიკაშვილმა.

bm.ge