ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ძალადობის გაღვივებაში" დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელ მომიტინგეებს და დაწერა, რომ თუკი ირანი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავს, აშშ მათ გადასარჩენად "მზად არის".
"ასეთი უპასუხისმგებლო პოზიცია, რაც ირანელი ერის მიმართ აშშ-ს ბულინგისა და უკანონო მიდგომის გაგრძელებაა, არა მხოლოდ გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებისა და წესების აშკარა დარღვევას წარმოადგენს, არამედ ასევე ითვლება ირანელი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობისა და ტერორიზმის გაღვივებად." - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აშშ-ს მაღალჩინოსნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები თანხვედრაშია რეგიონში დაძაბულობის ზრდის ისრაელის რეჟიმის პოლიტიკასთან და ხაზს უსვამს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე იქნება სწრაფი, გადამწყვეტი და ყოვლისმომცველი." - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2 იანვარს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ "თუკი ირანი ესვრის და ძალადობრივად დახოცავს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რაც მათი ჩვეულებაა, აშშ მათ გადაარჩენს".
29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.
New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 დეკემბერს ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამად რეზა ფარზინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
28 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კრიზისის მასშტაბი აღიარა.
"ამბობენ - 'ხელფასები გაზარდეთ' - საიდან მოვიტანოთ ფული?" - განაცხადა მან. არსებული მდგომარეობა ფეზეშკიანმა წინა მთავრობების, პარლამენტებისა და ოფიციალური პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დააბრალა.
მას შემდეგ ფარსის ოსტანში დემონსტრანტებმა ადგილობრივ სამთავრობო შენობაში შეჭრა სცადეს. მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დაშავდა სამი პოლიციელი, ხოლო ქალაქ ფასაში ოთხი ადამიანი დააკავეს.
BBC-ს მიხედვით, კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის პოლიცია საპასუხო ცეცხლს ხსნის და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ამასთან, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw-ისა და ირანის რეჟიმის მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტო Fars-ის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებებს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც Fars-ის, ისევე Hengaw-ის ცნობით, გუშინ, 1 იანვარს, ქალაქ ლორდეგანში აქციებზე ორი ადამიანი დაიღუპა. Fars-ს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა Hengaw-ის მიხედვით, ორივე მათგანი აქციის მონაწილე იყო. ამასთან, Fars ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლურისტანის ოსტანში, ქალაქ ეზნასა და კუჰდეშტში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.