"ინდოელი და ჩინელი ტურისტები რომ არა, გუდაურის სასტუმროები ახლა ცარიელი იქნებოდა", - ამის შესახებ "ინ ჯგუფის" დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ინდოელი და ჩინელი ტურისტებისთვის "უთოვლო გუდაურიც მისაღებია" და რომ არა ისინი, გუდაური ახლა ცარიელი იქნებოდა, ვინაიდან "მოთხილამურე ტურისტი ჯერ არ ჩამოვიდოდა".

"ევროპელებს ვერ შეედრებიან ვერც ხარჯვაში და ქცევის კულტურაში, თუმცა, რომ არ იყვნენ ეს ქვეყნები, გუდაურის სასტუმროები ახლა ცარიელი იქნებოდა. დღეისათვის, 15 დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე 90%-იანი დატვირთულობა გვაქვს. თებერვალში, ტრადიციულად, თოვლიც მოდის და დატვირთულობა ისედაც მაღალი იქნებოდა.

ამჟამად, სამწუხაროდ, თოვლი ძალიან ცოტაა. შარშან და შარშანწინ სეზონი 15-17 დეკემბერს გაიხსნა, წელს კი გვიანდება. ჩვენი ინფორმაციით, ზამთრის სეზონი 29 დეკემბერს უნდა გაიხსნას”, - ამბობს "ინ ჯგუფის" თანადამფუძნებელი პაატა კოკაია.

მისივე თქმით, ტურისტული სეგმენტის შეცვლის შემდეგ, გამოწვევები არის, თუმცა, სასტუმრო ბიზნესი ცდილობს ახალი ტურისტული სეგმენტის "გემოვნურ თვისებებთან ადაპტირებას".

ცნობისთვის, გუშინ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნეს ოპერატორებს შეხვდნენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და მის შესახებ მხოლოდ უწყების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ. მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაციით, შეხვედრისას ტურიზმის ადმინისტრაციამ 2025 წლის შედეგები შეაჯამა.

bm.ge