საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) გამოაცხადა ახალი პლატფორმის – SAF Matchmaker-ის გაშვების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს ავიაკომპანიებსა და SAF მწარმოებლებს შორის SAF-ის შესყიდვების განხორციელებას SAF-ის მიწოდების მოთხოვნების შეთავაზებებთანშესაბამისობაში მოყვანით.

როდესაც მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს დაემთხვევა, მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიხილონ პირობები — მათ შორის ფასები და გადახდის პირობები.

SAF Matchmaker წყვეტს სამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას:

ეფექტიანობა – პლატფორმის ცენტრალიზებული ფორმატი აადვილებს SAF-ის შესყიდვის პროცესს, რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს და მწარმოებლებს უფრო სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დამატებითი საკომისიოების გარეშე. ეს კი ხელს შეუწყობს ნებაყოფლობითი SAF-ის ბაზრის განვითარებას.

კავშირი – SAF-ის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს შეუძლიათ განათავსონ ხელმისაწვდომი ან დაგეგმილი საწვავის მოცულობები, ხოლო ავიაკომპანიებს – დააფიქსირონ თავიანთი დაინტერესება კონკრეტული რაოდენობით SAF-ის შესყიდვაზე. შემდგომი მოლაპარაკებები პლატფორმის გარეთ განხორციელდება.

ხილვადობა – პლატფორმაზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია SAF-ის შესახებ, მათ შორის: მოცულობები, გამოყენებული ნედლეული, საწარმოო ადგილი და ტექნოლოგია, გამოყოფილი ემისიების შემცირების დონე და შესაბამისობა ისეთ სტანდარტებთან, როგორიცაა CORSIA (საერთაშორისო ავიაციის ემისიების შემცირების სისტემა) და EU RED (ევროკავშირის განახლებადი ენერგიის დირექტივა).

„2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევისთვის აუცილებელია ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და ეფექტიანი SAF ბაზარი. SAF Matchmaker სწორედ ამის მხარდაჭერას ემსახურება – ის აჩქარებს SAF-ის ათვისებას და ამცირებს ხარჯებსა და სირთულეებს, რომლებიც ავიაკომპანიებს დღეს აქვთ საწვავის პოვნაში,“ — აღნიშნა მარი ოუენს ტომსენმა, IATA-ს მდგრადი განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა.

SAF Matchmaker მხარს უჭერს როგორც ერთჯერად (სპოტ) შესყიდვებს, ისე გრძელვადიან გაყიდვის ხელშეკრულებებს. თავდაპირველად ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ავიაკომპანიებისთვის და SAF მიმწოდებლებისთვის, თუმცა მომავალში სხვა მომხმარებლებსაც, მათ შორის ავიაციასთან კავშირში არ მყოფიკომპანიებს, მიეცემათ პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

პლატფორმა განთავსებულია Aviation Energy Hub-ზე – ცენტრალიზებულ ციფრულ სივრცეში, რომელიც ავიაციის ინდუსტრიას სთავაზობს პრაქტიკულ ხელსაწყოებს ენერგომომარაგების მართვისთვის.

წყარო: ავიანიუსი