ინკების აღზევებამდე, ანდების მთებში ტიუანაკუს ცივილიზაცია ბატონობდა. ახლახან, არქეოლოგებმა ამ იდუმალებით მოცული საზოგადოების მასიური ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს.
ნანგრევებს ადგილობრივი გლეხები პალასპატას უწოდებენ და მდებარეობს ბოლივიის მთებში, გორაკზე, ტიუანაკუს არქეოლოგიური ძეგლის ცენტრიდან 215 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით.
აღმომჩენ ჯგუფს, რომელსაც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ხოსე კაპრილესი ხელმძღვანელობდა, მიაჩნია, რომ ტიუანაკუს ხალხისთვის ეს ტაძარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი იყო, რადგან მდებარეობს სამი მთავარი სავაჭრო გზის შესაყარზე; ეს გზები ამ ხალხს ეკოსისტემის მნიშვნელოვან რესურსებთან აკავშირებდა.
მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რა გახდა ამ საზოგადოების დაცემის მიზეზი, მაგრამ ცნობილია, რომ ის იყო კომპლექსური კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა კოსმოლოგიურ რელიგიას, პოლიტიკას და აგროპასტორალურ ეკონომიკას, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 110 წელს გამოჩნდა.
„მათი საზოგადოება დაახლოებით ახ. წ. 1000 წელს დაეცა და საბოლოო განადგურდა მე-15 საუკუნეში, როცა ანდები ინკებმა დაიპყრეს. არქიტექტურული ძეგლების ნაშთები, მაგალითად, პირამიდები, ტერასული ტაძრები და მონოლითები, ძირითადად მიმოფანტულია ტიტიკაკას ტბის გარშემო და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ტიუანაკუს გავლენა გაცილებით შორსაც ვრცელდებოდა, მეცნიერები დავობენ, სინამდვილეში რამხელა კონტროლი ჰქონდათ მათ შორეულ ადგილებზე“, — ამბობს კაპრილესი.
დრონის ფოტოებისა და ფოტოგრამმეტრიის გამოყენებით, ჯგუფმა ტაძრის სტრუქტურისა და ტოპოგრაფიის დეტალური 3D რენდერი შექმნა.
„ვინაიდან მახასიათებლები ძლიერ მკრთალია, შევაჯერეთ მრავალი თანამგზავრული ფოტო“, — აღნიშნავს კაპრილესი.
ტაძრის ნაშთები მიუთითებს, რომ კომპლექსის ზომა 125X145 მეტრი უნდა ყოფილიყო, ცენტრალური შიდა ეზოს გარშემო განლაგებული 15 შემოღობილი ტერიტორიით.
ასეთი დიზაინი ტიპურია ტიაუანაკუს კულტურისთვის; მათ მიერ დატოვებული მრავალი სხვა ტაძრის ნანგრევს აქვს შიდა ეზოები, რომლებსაც გარს აკრავს მართკუთხა ოთახები და ქვებით მოპირკეთებული ტერასული პლატფორმები, ძირითადად ტიტიკაკას ტბის სამხრეთ დაბოლოების გარშემო.
„მოდულების ზომა 358 – 595 კვადრატულ მეტრს შორის მერყეობს და შეიძლება ჰქონოდა დამატებითი ოთახები და დანაყოფები. ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთისკენაა მიმართული, მზის ბუნიობის შესაბამისად. ამჟამად შენობას კვეთს ადგილობრივთა ბილიკები“, — ამბობს კაპრილესი.
ტაძარი სავსეა მის მკვიდრთა ნივთებით, მათ შორისაა კერამიკის ფინჯნები, თასები, დოქები და საკმევლის დასაწველები.
„ბევრი საგანია აღმოჩენილი ტიუანაკუს იკონოგრაფიით, რაც მიუთითებს მათ ურთიერთობაზე ანდების ხეობის სხვა ხალხებთან“, — წერენ მკვლევრები.