ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდული საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ინდოეთ-ჩინეთ-ოკეანეთის ღერძის ქვეყნებიდან მოდის. ეს არის სამრეწველო, ქიმიური და საავტომობილო პროდუქცია, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ტექსტილი, კოსმეტიკა და საკვები.

ყველა პროდუქტის ერთობლიობის გათვალისწინებით, სრუტის გავლით საზღვაო ვაჭრობის წილი შედარებით დაბალია - დაახლოებით 3-დან 11 პროცენტამდე, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ჩათვლით. თუმცა, ეს რაოდენობა გლობალური ვაჭრობის დესტაბილიზირებისთვის სრულიად საკმარისია.

სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი „Marsa Victory“ ჰორმუზის სრუტეში გადის. 2025 წლის 25 ივნისი.ფოტო: გიუსეპე კაკაჩე / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

ვინ ზარალდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით?

1. სატრანსპორტო სექტორი

  • უპირველეს ყოვლისა, ავტომფლობელები, რადგან ყველაზე სწრაფი ეფექტი საწვავზე ფასების მკვეთრი მატებაა;
  • ავიაკომპანიები: ნავთი (პარაფინი) მათი ხარჯების 25-30%-ს შეადგენს. რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე დააანონსა ბილეთებზე „საწვავის დანამატის“ შემოღება;
  • საზღვაო ტრანსპორტი: აზიასა და ევროპას შორის კონტეინერებით საქონლის გადაზიდვის ფასი სულ რამდენიმე დღეში 20%-ით გაიზარდა. მსოფლიოში სიდიდით მეორე გადამზიდავი კომპანია Maersk-ი უკვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დამატებითი ხარჯები მომხმარებელს დააწვება ტვირთად.

2. სოფლის მეურნეობა

ფერმერული მეურნეობები დამოკიდებულნი არიან არამარტო დიზელზე, არამედ სასუქებზეც, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნახშირწყალბადებთან. მსოფლიო სასუქების მესამედის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება. ვინაიდან კატარი, საუდის არაბეთი და ომანი მათ მიწოდებას ვეღარ ახერხებენ, სასუქების ნაკლებობა, გარკვეულწილად, საფრთხის ქვეშ დააყენებს მოსავალს, რაც, საბოლოოდ, კვების პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

3. მძიმე მრეწველობა

ქიმიური, ფოლადისა და ცემენტის წარმოების სექტორი ორმაგად მოწყვლადია ენერგიისა და ნედლეულის ფასების ზრდის მიმართ.

ისეთი ბელგიური გიგანტები, როგორებიცაა Solvay-ი და Bekaert-ი, ნახშირწყალბადებს ნედლეულადაც იყენებენ. ევროპული მცირე და საშუალო ბიზნესის მესამედი ამ ტიპის შოკის მიმართ დაუცველია.

ამჟამად ყველაზე მეტად აზია და ევროპა ზარალდებიან. იაპონია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე.

ვისთვის არის მომგებიანი ეს ომი?

1. რუსეთი

ვლადიმერ პუტინი „ხელებს იფშვნეტს“. აზიაში ექსპორტს მოსკოვი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახორციელებს. ამიტომ, სრუტის ბლოკირების ფონზე, მისი ნავთობი უფრო მიმზიდველი გახდა. სანქციებით დაწესებული დისკონტი, „ბრენტის“ მარკის ნავთობის შემთხვევაში, 10-დან 5- დოლარამდე შემცირდა. ციფრების ენაზე ეს ნიშნავს: ირანზე დარტყმების დაწყების შემდეგ, რუსეთმა წიაღისეული საწვავიდან უკვე მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი.

ნავთობის ფასების შემცირების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა დროებით დაუშვა რუსული ნავთობის ნაწილის გაყიდვა. ეს განსაკუთრებით ინდოეთისთვის უნდა იყოს სასარგებლო.

2. ამერიკის შეერთებული შტატები

აქაც ყველაფერი მშვენივრად მიდის: ამერიკელი ფიქალური ნავთობის მწარმოებლები, რომლებსაც ბარელზე $60-ის პირობებში მოგებაზე გასვლა უჭირდათ, ახლა, $83-ის პირობებში, დიდ მოგებას ნახულობენ. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი ანაცვლებს კატარულ გაზს, რომლის გატანა აზიასა და ევროპაში დაბლოკილია.

არც იარაღის მწარმოებლები და ალტერნატიულ სავაჭრო გზებთან დაკავშირებული კომპანიები უნდა დავივიწყოთ - ისინიც ამ კრიზისის „შეუმჩნეველი გამარჯვებულები“ არიან.

ირანის ომი უკვე მთელ ეკონომიკურ ჯაჭვში იგრძნობა. თანაც, ეს მხოლოდ დასაწყისია.

წყარო: 1 არხი