პაროლების მენეჯერ 1Password-ის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. პრობლემა 19 ნოემბერს აღმოაჩინეს: თავდამსხმელმა ერთ-ერთი თანამშრომლის კორპორაციულ GitHub-ანგარიშზე მოიპოვა წვდომა და მისი მეშვეობით შიდა სერვისებში მავნე კოდი ჩანერგა.
შედეგად, მოპარულია 1Password-ის კლიენტების გარკვეული მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებიც ანგარიშში შესასვლელად გამოიყენება.
კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლიენტების პაროლების საცავებზე წვდომა დაცული დარჩა - თავად 1Password-ს მომხმარებლების პაროლებსა თუ საიდუმლო გასაღებებზე წვდომა არ აქვს.
1Password-ში არ აკონკრეტებენ, რამდენ მომხმარებელს შეეხო კიბერშეტევა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მომხმარებლებს თავდასხმის გამო რაიმე განახლების გაკეთება არ სჭირდებათ და მოუწოდეს 1Password-თან დაკავშირებული ფიშინგ-შეტყობინებების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.