”ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან," - ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩინეთთან აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკების შედეგებს.
ტრამპის თქმით, მხარეები წარმატებით შეთანხმდნენ არაერთ საკითხზე.
"ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და მრავალ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. ურთიერთობების სრული გადატვირთვა მეგობრულ, თუმცა კონსტრუქციულ გარემოში შედგა. ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთი უფრო მეტად გაიხსნას ამერიკული ბიზნესისთვის — ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. მიღწეულია დიდი პროგრესი”,- განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს, ჟენავაში ჩინეთის ვიცეპრემიერ ჰე ლიფენგსა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გაი პარმელინმა ჩინეთისა და აშშ-ს დელეგაციები ჟენავაში 9 მაისს მიიღო. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება უკვე წარმატებაა.
"თუ ისინი განაგრძობენ დიალოგს, ეს დაძაბულობას შეამსუბუქებს". - განაცხადა პარმელინმა.
მანამდე, 9 მაისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფის დაწესება "სწორად ჟღერს". 10 აპრილს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთს ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე აშშ-ში მინიმუმ 145%-იანი ტარიფი აქვს დაკისრებული.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა. 10 აპრილს კი, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ გამოცხადებული 125% მანამდე დაწესებულ 20%-იან ტარიფს ემატება. ეს სანქციები ტრამპმა ჩინეთის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე ფენტანილის შეგზავნის ბრალდების საფუძველზე დააწესა.