ვთანამშრომლობთ და გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩვენს ორ მეზობელთან, საქართველოსა და ირანთან, მაგრამ გვინდა გავხსნათ ახალი ერა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი უპირველესად რეგიონულ ურთიერთობებზე არის ორიენტირებული, რადგან რამდენად დამოუკიდებელი იქნება, რამდენად საიმედო იქნება სომხეთის უსაფრთხოების სისტემა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობები აქვს სომხეთს რეგიონში.
„ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ორმხრივი ფორმატით, მაგრამ, ცხადია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა ძალიან სასარგებლო იქნებოდა სათანადო გარემოს შექმნისთვის ძლიერი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიკური შეთანხმება თურქეთთან ჩვენი საზღვრის გახსნის პირველ ეტაპზე, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ შეთანხმებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას სხვა რეგიონულ პარტნიორებთან, ვგულისხმობ საქართველოს და ირანს. რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო სიტუაცია, რომელიც ხელს უშლის მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავებას და ეს გარემოებები ყველასთვის ცნობილია, მე მათ არ ვახსენებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.