General Motors-ის პროგნოზით, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტ ტრამპის დაწესებული გლობალური ტარიფების უკანონოდ ცნობის შემდეგ, ავტომწარმოებელი $500 მილიონის დაბრუნებას შეძლებს. საბაჟო ტარიფებზე გადახდილი თანხის უკან მიღების შემთხვევაში, გაიზრდება ამერიკული ავტომწარმოებლის შემოსავლების პროგნოზები, თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, ნაკლები შანსია, რომ მომხმარებლებმა ამ ცვლილებიდან, საქონელზე ფასების კლების მხრივ, უახლოეს პერიოდში რაიმე სარგებელი მიიღონ.

$500 მილიონამდე ანაზღაურების დაბრუნებაზე GM-მა სამშაბათს, 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ავტომწარმოებლის ვარაუდით, თანხის დაბრუნებით კომპანიის სრული წლის შემოსავლის პროგნოზი $13.5 მილიარდიდან $15.5 მილიარდამდე გაიზრდება, რაც თითო აქციაზე $11.50-დან $13.50-მდე ზრდას გვაძლევს.

FactSet-ის მონაცემებით, General Motors-მა კვარტალური შემოსავლის სახით $43.6 მილიარდი მიიღო, თითო აქციაზე მოგებამ კი $3.70 შეადგინა. ეს მონაცემები აღემატება ანალიტიკოსთა წინასწარ შეფასებებს, რომლებიც GM-ისთვის $43.5 მილიარდის შემოსავალს და აქციაზე $2.60-ის მოგების მიღებას ვარაუდობდნენ.

აქციონერებისადმი მიწერილ წერილში GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი ბარამ აღნიშნა, რომ კომპანია „ძალიან დინამიკურ გარემოში ოპერირებს“, თუმცა სტაბილური ზრდა მათ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვნად წაადგებათ. ცნობისთვის, GM-ის აქციების ღირებულება სამშაბათს, ნაშუადღევს, მცირედით, მხოლოდ 0.06%-ით დაეცა.

საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებით, დაახლოებით 300,000 ამერიკელი იმპორტიორი ტრამპის ადმინისტრაციისგან, პროცენტს, ჯამში $166 მილიარდს დაიბრუნებს. თითოეული კომპანიის მიერ მისაღები თანხა განსხვავებულია. მაგალითად, ნავარაუდებია, რომ Walmart-ი $10.2 მილიარდს, Target-ი $2.2 მილიარდს, Nike-ი — $1 მილიარდს, ხოლო Apple-ი  $550 მილიონს აინაზღაურებს.

წყარო: forbes.ge