რომის პაპის, ფრანცისკეს ერთ-ერთი პაპამობილი ღაზის სექტორის ბავშვებისთვის განკუთვნილ მოძრავ სამედიცინო კლინიკად გადაკეთდება, რითაც 21 აპრილს გარდაცვლილი პონტიფიკოსის ერთ-ერთი ბოლო სურვილი ასრულდება.

ამის შესახებ საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციის (ERT- Hellenic Broadcasting Corporation) კორესპონდენტი, კრისტიან მავრისი იტალიიდან იტყობინება.

„რაი ნიუს24“-ის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ მისი სურვილის აღსრულება კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტას იერუსალიმს“ დაავალა, რომელიც, „კარიტას შვედეთის“ დახმარებით, უკვე იწყებს პაპის ნების შესრულებას. „ეს მანქანა საშუალებას მოგვცემს, დავეხმაროთ ბავშვებს იმ დროს, როდესაც ღაზას ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა“, - განუცხადა „კარატის შვედეთის“ გენერალურმა მდივანმა, პეტერ ბრუნეილმა რელიგიური ინფორმაციის სამსახურს.

მანქანის შიგნით დაიდგმება აღჭურვილობა „დიაგნოსტიკისთვის, კვლევებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის - ინფექციების სწრაფი ტესტები, ნაკერების დადებისთვის საჭირო ნაკრები, შპრიცები და ნემსები ,ასევე ჟანგბადის ბალიშები, ვაქცინები და მაცივარი მედიკამენტებისთვის“. „რაი ნიუს24“-ის ინფორმაციით, „როდესაც ღაზაში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, პაპამობილი მზად იქნება ღაზაში მცხოვრები ბავშვებისთვის ძირითადი სამედიცინო დახმარების გასაწევად. ფაქტობრივად, ორ თვეზე მეტია, ისრაელის არმია ღაზას სექტორში ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას, რითაც ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. შიმშილის, ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების გამო, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, -აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: 1არხი