ევროპამ უკრაინაში ომის დასრულებისა და იაფი ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ბელგიურ გაზეთ L’Echo-სთან ინტერვიუში ბარტ დე ვევერმა ევროპას მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.
ამასთან, მისივე თქმით, მოლაპარაკებები ასევე აუცილებელია იაფი ენერგომომარაგების აღდგენისთვის.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას, მაშინ როცა პოლონეთი და ბალტიის სამი ქვეყანა კატეგორიულად წინააღმდეგია.
როგორც დე ვევერმა აღნიშნა, ბევრი ევროპელი ლიდერი პირად საუბრებში ეთანხმება მის აზრს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობს.
„პირად საუბარში ევროპელი ლიდერები მეთანხმებიან, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერავინ ბედავს. ჩვენ უნდა დავასრულოთ კონფლიქტი ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა გაიმეოროს წარსული შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ საზღვრებზე ჯარების განლაგება.
„ამავდროულად, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან და დავიბრუნოთ წვდომა იაფ ენერგიაზე. ეს საღი აზრია“, – განაცხადა დე ვევერმა.