დასავლელი მოკავშირეები, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მიმდინარე წელს, უკრაინისთვის გადასაცემად €4.3 მილიარდის ($5 მილიარდი) ღირებულების იარაღს შეიძენენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
აშშ-ის მარაგებიდან უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას კოორდინაციას NATO გაუწევს.
შეგახსენებთ, პარტნიორმა ქვეყნებმა კიევისთვის მილიარდობით დოლარის ამერიკული იარაღის შესყიდვის ვალდებულება „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში მიიღეს. პროგრამა ივლისში დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის ვალდებულება უკვე აიღეს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის კანადამ (171 მილიონი ევრო), ნიდერლანდებმა (214 მილიონი ევრო), ნორვეგიამ, პოლონეთმა და გერმანიამ ჯამში 429 მილიონ ევროს გამოყოფით, ასევე ალიანსს გარეთ – ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. ამ ეტაპზე პროგრამის გარეთ არიან იტალია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი უკრაინისთვის ევროპაში წარმოებული აღჭურვილობის გადაცემას უჭერს მხარს.
რუტეს ვარაუდით, მოკავშირე სახელმწიფოების რიცხვი მომავალში გაიზრდება, ხოლო PURL-ის ვალდებულებები 2026 წლის ბოლოსთვის თვეში მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
25 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა , იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ PURL-ის ამოქმედებიდან დღემდე, კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა და ამ პროგრამის ფარგლებში თანხები თითქმის 20-მა ქვეყანამ გამოყო.