დღეიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელახლა დააწესა და გაზარდა ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. გარდა იმისა, რომ ალუმინზე ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაიზარდა, საგადასახადო ცვლილებები ასევე შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა მანქანა-დანადგარები, ფიტნეს-აღჭურვილობა და საყოფაცხოვრებო საქონელი.
ახალი ტარიფები ევროკავშირიდან ექსპორტირებულ 26 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე აისახება და პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1962 წელს მიღებული სავაჭრო ექსპანსიის აქტის 232-ე მუხლის ფარგლებში ხორციელდება.
ადრე მიღებული ზომები და მათი შეჩერება
2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირიდან შემოსულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დააწესა, რომელიც 6.4 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტირებულ საქონელს შეეხო. მაშინ ევროკავშირმა ამერიკულ პროდუქციაზე (მათ შორის, მოტოციკლეტებზე) საპასუხო ზომები მიიღო. სატარიფო ომი 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა, მაგრამ 2025 წლის 1 აპრილს ტარიფები ავტომატურად განახლდება.
ევროკავშირის კონტრზომები
1 აპრილიდან ასევ სრულად განახლდება ევროკავშირის მიერ 2018 და 2020 წლებში მიღებული საპასუხო ზომები, რომლებიც აშშ-ს პროდუქტებს შეეხება. მათი ღირებულება, შესაბამისად 2.8 და 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამავდროულად, განიხილება ახალი სატარიფო პაკეტი, რომელიც აშშ-დან ექსპორტირებული 18 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციას შეეხება. მასში შედის ფოლადი, ალუმინი, ტექსტილი და ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორიცაა ფრინველის ხორცი და რძის პროდუქტები.
ეს ზომები მიზნად ისახავს აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებთან თანაზომადობის მიღწევას, რათა ევროკავშირში მინიმუმამდე დავიდეს მეწარმეებისა და მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანი.
საყურადღებოა, რომ ევროკომისიამ უკვე დაიწყო ორკვირიანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან სამიზნე პროდუქტების სიის შესაქმნელად და დასამტკიცებლად. ეს პროცესი აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება, ხოლო ახალი გადასახადები, სავარაუდოდ, სიის დამტკიცების შემდეგ მალევე შევა ძალაში.
წყარო: 1tv.ge