გაზეთ „ზონტაგს ცაიტუნგის“ ცნობით, გერმანელი წამყვანი პოლიტიკოსები შვეიცარიაზე ზეწოლას ახდენენ და მისგან თავდაცვის ხარჯების კიდევ უფრო მეტად გაზრდას ითხოვენ.
შვეიცარიის პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის ხარჯები გააორმაგოს და 2028 წლისთვის დაახლოებით 4 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე გაზარდოს, ხოლო 2032 წლისთვის, სამხედრო ძალების გასაძლიერებლად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 პროცენტი დახარჯოს.
თუმცა, ეს გერმანიის ზოგიერთ პოლიტიკოსზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც თავად ოფიციალური ბერლინი, თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად, სახელმწიფო ვალის აღების შეზღუდვის მექანიზმის გადახედვას აპირებს, რათა მილიარდობით ევროს ოდენობის სესხების აღება მოახერხოს.
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელმა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, როდერიხ კიზევეტერმა შვეიცარიის 1%-იან სამხედრო ბიუჯეტს „სასაცილო“ უწოდა და მისი გაზრდა მშპ-ს 3-5%-მდე მოითხოვა. „შვეიცარიამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ არჩევანს გააკეთებს. ნეიტრალიტეტი არ არის კარგი ვარიანტი, როდესაც საქმე ჩვენი თავისუფლების დაცვას ეხება“, - განუცხადა მან „ზონტაგს ცაიტუნგს“.
შვეიცარიას „ყოველთვის შეეძლო ნეიტრალიტეტის მაღალი დონის შენარჩუნება, რადგან იცოდა, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, მძლავრი ნატო-ს მიერ იყო დაცული“, - აღნიშნა გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავდაცვის სპეციალისტმა, ფალკო დროსმანმა.
„მაგრამ სამყარო შეიცვალა. დღეს ყველამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - დასძინა მან.
დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შესახებ ხმები უკვე თავად შვეიცარიაშიც გაისმის. „შვეიცარია უფასო მგზავრად ვერ დარჩება. ევროპის უსაფრთხოებაში მან თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - ამბობს სოციალ-დემოკრატი სენატორი, ფრანცისკა როტი.
ევროპის რიგი ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთ და პოლონეთი, აშშ-ს მხრიდან კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების მუქარის ფონზე, თავდაცვის სფეროს დამატებითი დაფინანსების საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს.
შვეიცარიის მთავრობას კი ევროპული თავდაცვის საკითხების გარშემო მიმდინარე დებატებზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.
წყარო: 1არხი