ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 100-მილიარდიანი ევროს ფონდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს თანხა, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის წინადადების ნაწილი გახდეს. პროექტი ამ თვეში უნდა წარადგინონ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბიუჯეტის მოლაპარაკებების ფარგლებში ასეთი ფონდის შექმნაზე თუ შეთანხმდებიან, დაფინანსება 2028 წელს დაიწყება.

ამასთან, ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „სხვადასხვა ვარიანტზე“ მომავალი წლის დაფინანსების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ბლოკი „მზადაა, უკრაინას ყველა საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება“.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია განიხილავს დახმარების გაზრდის ვარიანტებს როგორც „ევროკავშირის ბიუჯეტის, ასევე რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესაძლებლობის მეშვეობით“.

1tv.ge