ესტონეთი, უსაფრთხოების რისკების გამო, აპირებს, აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის სტატუსი არ გააჩნიათ. აკრძალვა იმ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც მუდმივი ბინადრობის სტატუსის არმქონე პირების სახელით მოქმედებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ესტონეთი იშვიათად გასცემს ვიზებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე, ევროკავშირის მრავალი სხვა ქვეყანა ამას ისევ აკეთებს. ეს აგრესორი ქვეყნების მოქალაქეებს ევროგაერთიანების შიდა ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. საფრთხეების შემცირების მიზნით, ახლახანს ესტონეთი გამოვიდა მოწოდებით, რომ საბრძოლო გამოცდილების მქონე ომის ყველა მონაწილეს ქვეყანაში შესვლა აეკრძალოს.
ამასთან, მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე მუდმივი ბინადრობის სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ გაიცემა, რაც პირი ესტონეთში, სულ მცირე, ხუთი წელი იცხოვრებს და ესტონურ ენაზე B1 დონეზე საუბარს შეძლებს.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ტარო ამბობს, რომ კრემლისა და მისი მოკავშირეების აგრესიიდან გამომდინარე, გაურკვეველი წარსულის მქონე რუსი და ბელარუსი პირების მიერ უძრავი ქონების შეძენა უსაფრთხოების რისკს უფრო ზრდის.
„მცირე გამონაკლისების გარდა, ჩვენ ასეთ ხალხს ესტონეთში შემოსვლა და დარჩენა ავუკრძალეთ. ლოგიკური იქნება, თუ მათ აქ არც უძრავი ქონების შეძენის უფლება ექნებათ, რადგან ის, კრიზისულ სიტუაციებში, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ დაზვერვისა და დივერსიული ოპერაციებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა მინისტრმა 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
1tv.ge