Bloomberg-ის ცნობით, ესპანეთის მთავრობამ სამუშაო დროის 40-იდან 37,5 საათამდე შემცირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, ცვლილება ხელფასის შემცირებას არ ითვალისწინებს.
კანონპროექტი კორტესს უკვე გადაეცა და დამტკიცების შემთხვევაში, იგი მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.
„ესპანეთისთვის ეს ისტორიული დღეა. მშრომელთა სამუშაო დრო 37,5 საათამდე შემცირდება“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შრომის მინისტრმა, იოლანდა დიასმა.
ესპანიაში რვასაათიანი სამუშაო დღე 1919 წელს დაწესდა, ხოლო 40-საათიანი სამუშაო კვირა – 1983 წელს.
ცვლილებას კერძო კომპანიები არ ეთანხმებიან და მოლაპარაკებების ეტაპი რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დატოვეს. ესპანეთის პროფკავშირების მონაცემებით, სამუშაო დროის შემცირება დაახლოებით 13 მილიონ დასაქმებულს შეეხება.
ამ დროისთვის, საჯარო სექტორის თანამშრომლებს და გარკვეული დარგების, მათ შორის განათლების სფეროს, მუშაკებს უკვე აქვთ 37,5-საათიანი სამუშაო კვირა.
გასულ კვირას ესპანეთის მთავრობა ასევე შეთანხმდა, რომ 2025 წელს მინიმალური ხელფასი 4,4%-ით გაიზრდება. შედეგად, 2018 წლის ივნისში სანჩესის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მოყოლებული, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 60%-ზე მეტად გაიზარდა.