აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“.

მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

1tv.ge