ესპანეთის მეწარმეთა ორგანიზაციების კონფედერაციის მონაცემებით, ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ ესპანეთის ეკონომიკას დაახლოებით 1,6 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,1 პროცენტს შეადგენს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი საბანკო ანალიტიკოსი 2,25-დან 4,5 მილიარდ ევრომდე ზარალსაც ელოდებოდა. ამავე დროს, სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზიანი შეიძლება ნაკლები იყოს, რადგან წარმოების დანაკარგების ნაწილი შესაძლოა, წლის განმავლობაში ანაზღაურდეს.
28 აპრილს ელექტროენერგიის გათიშვის გამო ქვეყანა, პრაქტიკულად, 10 საათზე მეტი ხნით იყო პარალიზებული. ბევრი საწარმო, როგორიცაა Volkswagen პამპლონაში და მისი შვილობილი კომპანია Seat ბარსელონის მახლობლად, იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა.
საკვების მრეწველობა და საცალო ვაჭრობის სექტორი ასევე აცხადებს მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ, ბევრ სუპერმარკეტს მოუწია გაციებული და გაყინული პროდუქციის მარაგის გადაყრა, ბევრი მაღაზია და რესტორანი ადრე დაიხურა, არ მუშაობდა ბანკომატები და შეუძლებელი იყო ბარათით გადახდა.
ესპანეთის მთავრობა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს ჯერ ვერ ასახელებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.