ემანუელ მაკრონმა ჩინეთში თავისი ვიზიტი 5 დეკემბერს სპორტული ნოტით - მაგიდის ჩოგბურთში ძმებ ლებრენებთან გაპაექრებით დაასრულა. ვიზიტის მიზანი ვაჭრობისა და უკრაინის საკითხებზე პარიზსა და პეკინს შორის შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა იყო.პოლიტიკა არა მხოლოდ სპორტული ბრძოლაა, არამედ ჩოგნით თამაშიც - 5 დეკემბერს, ემანუელ მაკრონი, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯერ ჩენდუს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, შემდეგ კი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის მონაწილე ჩინელ და ფრანგ სპორტსმენებს „შეეჯიბრა“. მათ შორის იყვნენ ძმები ლებრენებიც - 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთში მოგზაურობა შედარებით ინტიმურ და თავისუფალ გარემოში, მასპინძელ სი ძინპინთან გამართული შეხვედრით დაასრულა, რასაც წინ ვაჭრობისა და უკრაინის საკითხებზე გამართული მწვავე საუბრები უძღოდა. მაკრონი, აზიაში სტუმრობისას, უკრაინის ომთან დაკავშირებით პეკინის მხარდაჭერას ეძებდა და ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსებას ლამობდა.
პეკინის მონუმენტური სახალხო სასახლისგან შორს, სადაც საფრანგეთისა და ჩინეთის ლიდერები ხუთშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს, პრეზიდენტმა სიმ, მეუღლესთან, პენ ლიუანთან ერთად, მეგზურობა გაუწია საფრანგეთის საპრეზიდენტო წყვილს, რომლებიც ხელჩაკიდებულნი მივიდნენ დუძიანიანის უძველეს კაშხალთან - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, რომელსაც მწვანე მთების ფონი ამშვენებს. ეს კარგი ურთიერთგაგების ნიშანია: სი ძინპინი იშვიათად ახლავს თან სტუმრებს ჩინეთში მოგზაურობის დროს.
ძმები ლებრენები „პინგ-პონგის დიპლომატიის“ ცენტრში
პანდაზე ნაკლებად ცნობადი „პინგ-პონგის დიპლომატია“ სათავეს XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან იღებს, როდესაც ამერიკელი მაგიდის ჩოგბურთელების გუნდი, ოფიციალურ ვაშინგტონთან არსებული განხეთქილების ფონზე, ჩინეთში მიიწვიეს, რაც ურთიერთობების დათბობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. გარკვეულ ქვეყნებთან დავების მოგვარების ხელშესაწყობად პეკინის მიერ გამოყენებული ეს დიპლომატია, უბრალოდ, მეგობრობის გამოხატვის საშუალებაა.
სწორედ ამ კონტექსტს მოარგო ემანუელ მაკრონმა თავისი დიპლომატიაც, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენმა ჩენდუში მიმდინარე მსოფლიო თასზე დასწრება გადაწყვიტა. ეს საფრანგეთისთვის არის შესაძლებლობა, ინტერესი გამოხატოს ჩინეთში №1 სპორტის მიმართ და ამავდროულად, ძმები ლებრენების მეშვეობით, ოფიციალურ პეკინთან გადოს ხიდი. ფრანგი პრეზიდენტი შეჯიბრში მონაწილე ორ თანამემამულე ჩემპიონს შეხვდა, რომლებიც ჩინეთშიც ნამდვილ ვარსკვლავებად მიიჩნევიან და, შესაბამისად, ამ „პინგ-პონგის დიპლომატიის“ ცენტრში დგანან.
ეს მაკრონისთვის საჩოგბურთო ბურთების მოგერიების კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ელისეის სასახლეში ალექსის ლებრონს ეპაექრა.
უკრაინის საკითხზე ჩინეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება
განტვირთვის ეს მომენტი საერთაშორისო ვაჭრობასა და უკრაინაზე ორდღიანი მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ დადგა. ემანუელ მაკრონი შეეცადა, ჩინეთის პრეზიდენტზე უკრაინის საკითხზე ზეწოლა მოეხდინა. არადა, პეკინს, რომელიც მოსკოვის დიპლომატიური და კომერციული მოკავშირეა, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრა არასდროს დაუგმია.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, უკრაინიდან დაწყებული და ომით დაზარალებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონით დამთავრებული. ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი მუშაობის უნარი გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის მეთაურმა, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.
„ყოველ ჯერზე, როცა ურთიერთპატივისცემის პირობებში მოვახერხეთ თანამშრომლობა, მთელ პლანეტაზე, ჩინეთიდან საფრანგეთამდე, პროგრესს მივაღწიეთ“, - დასძინა მაკრონმა ვიზიტის დასასრულს. ჩინეთში მისი სტუმრობის დროს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის 12 შეთანხმებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ბირთვულ ენერგიის საკითხებსა და პანდების დაცვაზე, თუმცა ორ ქვეყანას შორის რაიმე მასშტაბური შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
წყარო: 1 არხი