ავიაკომპანია EasyJet-მა გაავრცელა საგანგებო განცხადება იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ფრენები 2026 წლის 12 მაისის შემდეგ აქვთ დაჯავშნილი. კომპანიის სამხრეთ ევროპის დირექტორის, ხავიერ განდარას განმარტებით, საავიაციო საწვავის კრიზისიდან გამომდინარე, სამ კვირაზე მეტი ვადით პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. გაფრთხილება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

განდარამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, 12 მაისიდან ვითარება შეიძლება გაურკვეველი გახდეს. მისი თქმით, სატვირთო გემებს, რომლებიც აღნიშნულ მარშრუტს გადიან, ევროპამდე მისასვლელად საშუალოდ 45 დღე სჭირდებათ, სრუტე კი უკვე ორი თვეა ფაქტობრივად უფუნქციოა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი თავისი მოხმარებული საწვავის დიდ ნაწილს ადგილზე აწარმოებს, გლობალური ბაზრის საერთო დეფიციტი მაინც აისახება ავიამიმოსვლაზე და პოტენციური პრობლემებისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ იქნება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, EasyJet-ი და სხვა მსხვილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა Ryanair და British Airways, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენებს. მგზავრებს ურჩევენ, მუდმივად შეამოწმონ თავიანთი ფრენის სტატუსი და შეინახონ მგზავრობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თუ ქვითარი, რათა შეფერხების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება შეძლონ. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი შექმნილ ვითარებაზე რეაგირებას ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდენენ და მგზავრებს ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდიან.

წყარო: avianews.ge