გაეროს კლიმატის ახალი პროგნოზების თანახმად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, დედამიწა, ისევ და ისევ გადააჭარბებს საერთაშორისოდ დადგენილ უსაფრთხო კლიმატურ ზღვარს და გზადაგზა ყველაზე ცხელი წლის რეკორდს მოხსნის.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) ასევე პროგნოზირებს არქტიკის გადახურებას, რომელიც 2030 წლამდე თითქმის 1.66°C-ით გათბება, ასევე საშიშ გვალვას ამაზონის ტყეებში შესაძლო ხანძრებით, რაც დედამიწის ბუნებრივი დაცვის სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებისგან.
როგორც გაეროს კლიმატის სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზები აჩვენებს, არსებობს 75%-იანი შანსი, რომ 2026-დან 2030 წლამდე საშუალო გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს 1.5°C-ით გადააჭარბებს. ეს ზღვარი წარმოადგენს დათბობის მაქსიმალურ დონეს, საშუალოდ 20 წლის განმავლობაში, რომელიც შეთანხმებულია 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებაში.
რამდენად ცხელი იქნება მომდევნო ხუთი წელი?
არსებობს 91%-იანი შანსი, რომ მომდევნო ხუთი წლიდან სულ მცირე ერთში ტემპერატურა 1.5°C-ის ზღურბლს გადააჭარბებს და 86%-იანი შანსი, რომ ამ წლებიდან ერთ-ერთი დედამიწაზე ყველაზე ცხელი წლის რეკორდს მოხსნის, რომელიც 2024 წელს დამყარდა, – აფრთხილებს WMO-ს ანგარიში.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ასევე პროგნოზირებს, რომ ამიერიდან 2030 წლამდე ყოველი წელი 1.3-დან 1.9°C-მდე უფრო თბილი იქნება, ვიდრე მე-19 საუკუნის ბოლოს იყო.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ 1.5°C არ არის კლდე, საიდანაც სადაცაა ჩავვარდებით“, - ამბობს ანგარიშის თანაავტორი მელისა სიბრუკი, მეტეოროლოგიური სამსახურის კლიმატის მეცნიერი. „ყოველი დამატებითი 0.1°C იწვევს სულ უფრო მძიმე შედეგებს“.