Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში "დუბაის შოკოლადის" პოპულარობის უეცარმა ზრდამ მსოფლიოში ფსტის დეფიციტის გაუარესება გამოიწვია და თხილეულის მიწოდების მხრივ პრობლემები წარმოქმნა, რასაც ფსტის ფასების ზრდა მოჰყვა.
გამოცემის მიხედვით, 2021 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა მწარმოებელმა FIX-მა ფსტის კარაქის, შოკოლადისა და ქადაიფის ცომეულისგან მომზადებული შოკოლადი წარადგინა, რამაც თავდაპირველად მხოლოდ საშუალო დონის პოპულარობა მოიპოვა, თუმცა პროდუქტის TikTok-ზე გავრცელებამ "დუბაის შოკოლადი" გლობალურ სენსაციად აქცია.
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე აღნიშნული შოკოლადის შესახებ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოს 120 მილიონამდე ნახვა აქვს და მან მსოფლიოში ფსტის შოკოლადზე მოთხოვნის მანამდე არნახულ ზრდას შეუწყო ხელი.
Financial Times-სთან საუბრისას თხილეულით მოვაჭრე ჯაილზ ჰაკინგის თქმით, რომელიც CG Hacking-ის მფლობელია, ერთი წლის განმავლობაში ფუნტ ფსტის გულზე ფასები 7.65 დოლარიდან 10.30 დოლარამდე გაიზარდა. "ფსტის სამყარო ფაქტობრივად ამ დროისთვის ამოწურულია". - თქვა მან.
შესაბამისად, ეს ყოველივე დუბაის შოკოლადის ფასებზეც აისახა. გაერთიანებულ სამეფოში კომპანია Lindt-ის დუბაის შოკოლადის 145 გრამი დაახლოებით $13-ად იყიდება, რაც კომპანიის სხვა შოკოლადებთან შედარებით ორჯერ მეტი ფასია.
თუმცა, გამოცემის ცნობით, დუბაის შოკოლადზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი მაღაზია შეზღუდვებს აწესებს იმაზე, თუ რამდენი ერთეულის შეძენა შეუძლია თითოეულ მყიდველს.
მსოფლიოში ფსტის მარაგების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა წელს ცუდი მოსავალი იყო აშშ-ში, რომელიც თხილეულის მოწინავე ექსპორტიორია. ამასთანავე, აშშ-ში მოყვანილი ფსტა ჩვეულებრივზე უფრო კარგი ხარისხის იყო, რამაც, ჰაკინგის თქმით, უფრო ნაკლები ფსტა დატოვა შოკოლადებსა და სხვა ტიპის საკვებში გამოსაყენებლად.
ვრცლად: tabula.ge