ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის (CPB) განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლებენ, ხოლო 2026 წლის იანვრის ბოლომდე სამუშაო პროცესების დასასრულებლად თანამშრომლების მცირე ჯგუფი იმუშავებს.

„მიუხედავად მილიონობით ამერიკელის ძალისხმევისა, რომლებმაც CPB-სთვის ფედერალური დაფინანსების შენარჩუნების მოთხოვნით კონგრესს მიმართეს, ჩვენი ოპერაციების შეჩერების რეალობის წინაშე ვდგავრთ“, - განაცხადა კორპორაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრისია გარისონმა.

შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას (CPB), რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურისა (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) თანხებს ანაწილებს, მათთვის დაფინანსების შეწყვეტა დაავალა.

გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საზოგადოებრივი მედიისა და უცხოური დახმარების დაფინანსების 9 მილიარდი დოლარით შემცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში CPB-სთვის გამოყოფილი 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.

interpressnews.ge