გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, საკითხზე ინფორმირებული ოთხი ადამიანი იხსენებს, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ნორვეგიაში გამოიძიეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერმა საკუთარ თავზე მიკროტალღური მოწყობილობა გამოცადა, რის შემდეგაც მას განუვითარდა ნეიროლოგიური სიმპტომები, რომლებიც ე.წ. "ჰავანის სინდრომის" მსგავსი იყო.

ჰავანის სინდრომი აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიებია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ. 2024 წელს გამოცემა Insider-მა 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რის ფარგლებშიც მოიპოვეს სამხილები, რომ აღნიშნული სინდრომი შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათი მხრიდან მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან იყოს კავშირში.

WP-ს ცნობით, ნორვეგიაში საიდუმლოების მკაცრი დაცვით მთავრობისთვის მომუშავე მეცნიერმა შექმნა მოწყობილობა, რომელსაც მიკროტალღური ენერგიის ძლიერი ტალღების გამოცემა შეეძლო და იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავსი მოწყობილობები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, 2024 წელს მან აღნიშნული მოწყობილობა საკუთარ თავზე გამოცადა.

წყაროების თქმით, შედეგების შესახებ ნორვეგიის მთავრობამ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) აცნობა, რასაც 2024 წელს პენტაგონისა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მხრიდან ნორვეგიაში, სულ მცირე, ორი ვიზიტი მოჰყვა.

ინფორმირებული პირების თქმით, ექსპერიმენტი არ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები (AHI) გარე მტრების ნამოქმედარია, რომლებიც ნორვეგიაში გამოცდილი მოწყობილობის მსგავს საიდუმლო იარაღს იყენებენ. ერთ-ერთმა პირმა აღნიშნა, რომ სიმპტომები, რომლებიც ნორვეგიელ მეცნიერს დაემართა, არ იყო ისეთი, როგორიც "კლასიკური" AHI-ს შემთხვევებში გვხდება.

თუმცა, Washington Post-ის მიხედვით, ამ მოვლენებმა გაამყარა ის მხარე, ვინც ამტკიცებდა, რომ "პულსირებული ენერგიის მოწყობილობებს" - რომლებიც ელექტრომაგნიტური ენერგიის ძლიერ სხივს გამოყოფენ - შეუძლიათ, ზეგავლენა მოახდინონ ადამიანის ბიოლოგიაზე და, სავარაუდოდ, მსგავს იარაღს აშშ-ს მოწინააღმდეგეები ავითარებენ. 

tabula.ge