აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს ვაჭრობის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.
„დიახ, ამას შესაძლებლად ვთვლი. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ინტერვიუს დროს ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან დადებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს.
„ერთ-ერთი რამ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ჩინეთისთვის, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, გავხსნათ ჩინეთი, რადგან, როგორც იცით, მრავალი წლის წინ ჩვენ გავხსენით აშშ. ახლა დროა, ჩინეთმაც გახსნას თავისი ბაზარი და ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან კარგ ურთიერთობაზე.
„ურთიერთობა ძალიან კარგია. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ სისთან. ეს ურთიერთობა შეწყდა COVID-19-ის გამო, ცხადია, მაგრამ ამის გარდა, ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ვნახავთ, როგორ წარიმართება ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შეთანხმების პოტენციურ სარგებელს.
„ჩინეთის გახსნა აშშ-ის ბიზნესისთვის იქნება, როგორც სრულიად ახალი სამყაროს გახსნა და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩინეთისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმების წარმატებულ მაგალითზე, სადაც პირდაპირმა კომუნიკაციამ პრემიერ-მინისტრთან სწრაფად გადაწყვიტა პრობლემური საკითხები.
„სამი წუთის განმავლობაში ყველაფერი დასრულდა. ჩვენ დავდეთ შეთანხმება. ეს იყო კარგი შეთანხმება ყველასთვის“, - განაცხადა ტრამპმა.