გერმანიის კანცლერი პარლამენტში კრისტოფერ სტრიტის დღის აღნიშვნისთვის პრაიდის დროშის გამოფენის წინააღმდეგია. ფრიდრიხ მერცის თქმით, ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება.
გერმანიის მთავრობის მეთაური მხარდაჭერას უცხადებს ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერს, რომელმაც უარი თქვა 26 ივლისს ცისარტყელის ფერების დროშის აღმართვაზე.
მერცმა აღნიშნა, რომ პრაიდის დროშა ბუნდესტაგის თავზე მხოლოდ ერთ დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს არის აღმართული.
„ყველა სხვა დღეს გერმანიის ბუნდესტაგის თავზე მხოლოდ გერმანიისა და ევროკავშირის დროშებია აღმართული. ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მერცმა.