მაშინ, როდესაც ბრენდების უმეტესობა Black Friday-ის პერიოდში მომხმარებლების მოსაზიდად მსხვილ ფასდაკლებებს აანონსებს, ზოგიერთი კომპანია აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათი მიზანია მოგების მარჟის შენარჩუნება, მდგრადი მოხმარების პოპულარიზაცია და იმ მომხმარებლების მოზიდვა, რომლებიც მუდმივი ფასდაკლებების მიმართ სულ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. ამის შესახებ Reuters წერს.
იტალიური მოდის ბრენდი Pinko წელს პირველად არ მონაწილეობს Black Friday-ის კამპანიაში. კომპანიის თავმჯდომარის, პიეტრო ნეგრას განცხადებით, ფასდაკლებების მუდმივი შეთავაზება შესაძლოა მანკიერ წრედ იქცეს. მისი შეფასებით, ასეთი პრაქტიკა მომხმარებელს აქციებზე დამოკიდებულს ხდის და ბრენდსა და მომხმარებელს შორის სასურველ ურთიერთობას აზიანებს. კომპანიის პროგნოზით, Black Friday-ში მონაწილეობაზე უარი დაახლოებით 2 მილიონი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს, თუმცა მოგებაზე გავლენა შედარებით მცირე იქნება. Pinko-სთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი მოგების მარჟის დაცვაა.
ფასდაკლებების მიმართ მომხმარებელთა სკეპტიციზმის ზრდაზე საუბრობს საკონსულტაციო კომპანია Simon-Kucher-ის წარმომადგენელი შიხა ჯაინიც. მისი განმარტებით, ხანგრძლივი ინფლაციისა და მუდმივი სარეკლამო აქციების ფონზე მომხმარებლებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ შეთავაზებული ფასდაკლებები რეალურ დანაზოგს ნიშნავს. ასეთ პირობებში Black Friday-ში მონაწილეობაზე უარმა შესაძლოა ბრენდებს კონკურენტებისგან გამორჩევისა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს.
ფასდაკლებების ნაცვლად ალტერნატიულ მიდგომას იყენებენ სხვა კომპანიებიც. ბრიტანული ტანსაცმლის მწარმოებელი Buffalo Systems Black Friday-ში არ მონაწილეობს, ამერიკული საცალო ქსელი REI კი ამ დღეს მაღაზიებს კეტავს და თანამშრომლებს დასვენების საშუალებას აძლევს. კოსმეტიკური ბრენდი The Ordinary ასევე აჩერებს გაყიდვებს და ნიუ-იორკსა და ტორონტოში სისხლის დონაციის კამპანიებს მართავს. კომპანიის განმარტებით, Black Friday-ის პერიოდში იმპულსური შესყიდვები ხშირად მომხმარებლებს ისეთი პროდუქტების შეძენისკენ უბიძგებს, რომლებიც რეალურად არ სჭირდებათ.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ყველა კომპანია ფასდაკლებებზე უარის თქმას ვერ ახერხებს. ბრიტანული კოსმეტიკური ბრენდი UpCircle, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად კვების მრეწველობის ნარჩენებს იყენებს, Black Friday-ზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა პარალელურად ჭარბწარმოებისა და ჭარბი მოხმარების წინააღმდეგ კამპანიასაც აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, Black Friday-ის გარშემო სამკვირიან პერიოდში წლიური ონლაინგაყიდვების დაახლოებით 20% მოდის.