ბილ გეითსის განცხადებით, მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის მიმართ მზარდი სკეპტიციზმია. ეს კი, მისივე თქმით, შეუძლებელს ხდის წითელას, როგორც გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, სრულად აღმოფხვრას,- ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
გეითსის თქმით, მის ფონდს ერთ დროს წითელას სრულად აღმოფხვრა ერთ-ერთ შესაძლო მიზნად ჰქონდა. თუმცა, მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის მიმართ ნდობის შემცირების გამო, ეს მიზანი ფონდის ამოცანების სიიდან ამოიღეს. გეითსმა ამას „ტრაგიკული“ უწოდა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ წითელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. ის იწვევს მაღალ სიცხეს, ხველასა და დამახასიათებელ გამონაყარს. ვაქცინის შემოღებამდე, 1960-იან წლებამდე, დაავადება ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ბავშვს კლავდა. დღეს წითელათი ყოველწლიურად დაახლოებით 100,000 ბავშვი იღუპება, ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც ომი, სიღარიბე ან ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ვაქცინაციის შესაძლებლობას ზღუდავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, წითელას აფეთქებების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი 95%-ზე მეტი უნდა იყოს. თუმცა ბოლო წლებში დაავადების შემთხვევებმა იმატა ისეთ ქვეყნებშიც, სადაც წითელა თითქმის დავიწყებული იყო, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ამის ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება სახელდება.
გეითსის თქმით, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებულა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თუმცა ასეთ ქვეყნებში წითელა განსაკუთრებით საშიშია, რადგან არასრულფასოვანი კვება და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები დაავადების მძიმე შედეგების რისკს ზრდის.
სტატიაში ასევე საუბარია საერთაშორისო დახმარების შემცირებაზე. გეითსის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციისა და სხვა მდიდარი ქვეყნების მიერ უცხოური დახმარების შემცირებამ, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა ზოგიერთი დაფინანსების აღდგენამ და დაზარალებული ქვეყნების, ასევე სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევამ ყველაზე მძიმე სცენარის თავიდან აცილება შეძლო.
გეითსის თქმით, ადრე გაკეთებული ყველაზე პესიმისტური პროგნოზები, რომლებიც დახმარების შემცირების შედეგად 10 მილიონზე მეტ სიკვდილს ვარაუდობდა, ჯერჯერობით არ გამართლდა. მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, ვითარება კვლავ „ძალიან ტრაგიკულია“ და მთავრობებს მოუწოდებს, საერთაშორისო დახმარება აღადგინონ ან აღარ შეამცირონ მაინც.