The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამოყენებას პარტნიორების ჩინეთთან ურთიერთობების შეზღუდვის იძულების მიზნით გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები გეგმავენ 70-ზე მეტ ქვეყანასთან ტარიფების გაუქმებისა და არდაწესების სანაცვლოდ მოითხოვონ, რომ მათ თავიანთ ტერიტორიაზე ჩინური პროდუქციის გადაზიდვა არ დაუშვან და აღკვეთონ ჩინური კომპანიების იქ განთავსება.
WSJ-ს წყაროები უყვებიან, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ეს იდეა ტრამპს 6 აპრილს შესთავაზა. მათი თქმით, აშშ-ს სავაჭრო პარტნიორებისგან დათმობების მიღება პეკინს და ჩინურ კომპანიებს აშშ-ს ტარიფების, საექსპორტო კონტროლებისა და სხვა ეკონომიკური ზომების არიდებაში შეუშლის ხელს.
ჯერჯერობით უცნობია, შევიდა თუ არა ამგვარი პირობა ყველა ქვეყნის მოლაპარაკებების დღის წესრიგში. მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირები გამოცემას უყვებიან, რომ ზოგიერთ ქვეყანას აშშ-ს წარმომადგენლებისგან ჩინეთთან დაკავშირებული მოთხოვნები ჯერ არ მოუსმენია.
წყარო: tabula.ge