პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა.
"საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებების ლიკვიდაციისა და ნარკოტერორიზმისგან აშშ-ს დაცვის შესახებ გაკეთებული პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა, რომელსაც USS Gerald Ford მეთაურობს". – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.
პარნელის განმარტებით მსგავსი გადაადგილება იმ პირებისთვის ხელის შესაშლელად კეთდება, რომლებიც აშშ-სა და დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აგდებენ.
ბოლო მონაცემებით, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ხორვატიის სანაპიროდან დაიძრა.
კარიბის ზღვაში აშშ-მ მსხვილ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ავიამზიდის გარდა, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35B-ს ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი, AV-8B Harrier ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი, 7 მოიერიშე დრონი MQ 9 Reaper და 13 ვერტმფრენი.
გარდა ამისა, ვენესუელის ჩრდილოეთით კრეისერისგან, ოთხი სარაკეტო ნაღმმზიდისა და სანაპირო ზონის საბრძოლო გემისგან შემდგარი ჯგუფი კურსირებს. თითოეულ სამხედრო ხომალდს 32 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია.
მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ", – განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.