აშშ მზად არის „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად არსებითად გააძლიეროს რუსეთზე ზეწოლა.

ეს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს დაუდასტურა ვაშინგტონში 14 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე.

ამასთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ბესენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ევროპელმა პარტნიორებმა გააძლიერონ ზეწოლის კამპანია არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ნებისმიერ იმ ქვეყანაზეც, რომელიც რუსული ნავთობის შეძენით აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, განიხილეს თანამშრომლობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სვირიდენკოს განცხადებით, რუსეთმა უნდა დაკარგოს უკრაინის პარტნიორებზე ზეგავლენის ნებისმიერი ბერკეტი და უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ფულის შოვნის არხები.

უკრაინის პრემიერის თანახმად, აქვთ მკაფიო წინადადებები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად და აქ გადამწყვეტი როლი აქვს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას.

უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია ითხოვს რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების გაძლიერებას, რათა კრემლს ომის დასრულება აიძულონ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონისგან სანქციების გამკაცრება სურთ, ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებმა რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტონ.

წყარო: radiotavisupleba