ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციული ტვირთის განაწილების საკითხზე ერთმანეთს უპირისპირდებიან, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროპის მიგრაციის ახალმა წესებმა 14 ოქტომბერს ადრეულ ეტაპზევე არეულობა გამოიწვია, რადგან ქვეყნები ორად გაიყვნენ იმის თაობაზე, ვის რამდენი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
მიგრაციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეხვდნენ, რათა განეხილათ ე.წ. დაბრუნების ცენტრებისა და საზღვრისპირა დეპორტაციის ახალი წინადადების ტექნიკური დეტალები. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკომისიას 15 ოქტომბერს უნდა განეცხადებინა, რომელი ქვეყნები ებრძვიან მიგრაციას და რა დახმარება უნდა მიიღონ მათ, თუმცა ეს ახლა გადაიდო. როგორც 2023 წელს შეთანხმებულ თავშესაფრისა და მიგრაციის მარეგულირებელ ახალ კანონშია გათვალისწინებული, რომლის განხორციელების ბოლო ვადა მომავალი წლის ივნისია, კომისია იტყვის, რომელი ქვეყნები იმყოფებიან „მიგრაციული ზეწოლის“ ქვეშ.
სხვა მთავრობებს შემდეგ შეუძლიათ, აირჩიონ, მიიღონ თუ არა ამ ქვეყნებიდან მიგრანტები ან დაუჭირონ მათ მხარი დაფინანსებითა და პერსონალით.
„პოლიტიკოს“ ცნობით, როგორც ჩანს, ქვეყნები გაცილებით უფრო მზად არიან, ნაღდი ფული გაიღონ, ვიდრე მიგრანტებს კარი გაუღონ.
ბელგიის მიგრაციის მინისტრმა, ანელენ ვან ბოსუიტმა შეხვედრის ბოლოს განაცხადა, რომ ბელგია ფინანსურ შენატანებს გაიღებს, რადგან თავშესაფრის მაძიებელთა მიღების მისი სისტემა „სავსეა“.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ცხადია“ არ მიიღებს მიგრანტებს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.
ნიდერლანდების და შვედეთის მთავრობების წარმომადგენლებმაც უარი განაცხადეს მიგრანტების მიღებაზე. მთავრობები ასევე ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიღებული თავშესაფრის შესახებ გადაწყვეტილებების სავალდებულო აღიარების სისტემაზე. მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის „დიდი თანამშრომლობაა“ და სისტემის რეფორმირების სურვილი არსებობს.