ბაზრის კვლევითი კომპანია Rho Motion-ის ინფორმაციით, სექტემბერში ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გლობალური გაყიდვები 26%-ით გაიზარდა და რეკორდული 2.1 მილიონი ერთეული შეადგინა.

Rho Motion-ის მონაცემთა მენეჯერის, ჩარლზ ლესტერის განცხადებით, სექტემბრის გაყიდვების 2/3, დაახლოებით 1.3 მილიონი ერთეული ელექტრომობილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გაიყიდა სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც საკრედიტო სუბსიდიების გაუქმებამდე მომხმარებლები სარგებლის მიღებას ცდილობენ.

ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია, რომელზეც ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების ნახევარზე მეტი მოდის. სექტემბერი ჩინეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული თვეა, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ზოგიერთი რეგიონი ე.წ. „თრეიდ-ინ“-სუბსიდიების შეთავაზების გაუქმებას განიხილავს.

აშშ-ში გაყიდვების ზრდაც იმავე მიზეზს უკავშირდება. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არსებულ $7,500-იანი საკრედიტო სუბსიდიის გაუქმებას გეგმავს, რის გამოც მომხმარებლებს სარგებლის მიღება სუბსიდიების გაუქმებამდე სურთ.

სექტემბერში რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა ევროპაშიც, სადაც მატება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მოთხოვნის ზრდითაა გამოწვეული. ანალიტიკოსები ევროპაში მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ, მიზეზი კი ისაა, რომ Tesla-მ ევროპაში უფრო ბიუჯეტური ელექტრომობილი Model Y წარადგინა.

სექტემბერში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 36%-ით, 427,541-მდე, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 66%-ით, 215,000-მდე გაიზარდა.

forbes.ge