აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს გააქტიურდეს ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. უნდა იმოქმედოს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართავენ.

ეს არის რუსების გიჟური ომი ხალხის წინააღმდეგ. მისი შეჩერება იოლი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რადგან ეს რუსეთს არ სურს, - უთხრა POLITICO-ს  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

„არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე რეალური ზეწოლის შემთხვევაში დასრულდება.

„ის უარს იტყვის. დღეს ერთი მიზეზი, ხვალ მეორე მიზეზი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მასზე ზეწოლა. პუტინი შეაჩერებს ამ ომს, თუ მასზე რეალური ზეწოლა მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა, რაზეც დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს, შესანიშნავი იდეაა, თუმცა, ამის განსახორციელებლად მას აშშ-ის პრეზიდენტის დახმარება სჭირდება.

„თუ პრეზიდენტი მომცემს ორი, სამი თვით ცეცხლის შეწყვეტას, პუტინზე ზეწოლის გზით, არჩევნებს ჩავატარებთ“, - განუცხადა ზელენსკიმ POLITICO-ს.