ChatGPT-ს უფასო და Go გეგმის მომხმარებლებს აშშ-ში შესაძლოა უკვე გამოუჩნდეთ რეკლამები, რადგან OpenAI-მ ჩატბოტში მათი ტესტირება დაიწყო. კომპანიას ეს ამბავი მანამდე ჰქონდა დააანონსებული. მაშინ OpenAI-მ განაცხადა, რომ სისტემაში გამოჩნდებოდა დასპონსორებული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ავტორიზებული მომხმარებლების მიმდინარე საუბართან. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ რეკლამების პერსონალიზაციის გამორთვა და „რეკლამებისთვის გამოყენებული მონაცემების გასუფთავება“.
„ჩვენი მიზანია, რომ რეკლამებმა ხელი შეუწყოს ChatGPT-ს უფრო მძლავრ ფუნქციებზე ფართო ხელმისაწვდომობას, ამავე დროს კი შევინარჩუნოთ ის ნდობა, რომელსაც ადამიანები ChatGPT-ს მნიშვნელოვან და პირად საკითხებზე მუშაობისას გვანდობენ,“ — წერს OpenAI ბლოგპოსტში”, – „ვიწყებთ ტესტირებას, რათა ვისწავლოთ, მოვისმინოთ მომხმარებლების აზრი და დავრწმუნდეთ, რომ გამოცდილებას სწორად ვქმნით“.
რეკლამები გამოჩნდება ჩატების ქვედა ნაწილში. ისინი მკაფიოდ იქნება მონიშნული და ChatGPT-ს პასუხებისგან გამიჯნული. OpenAI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკლამები არ მოახდენს გავლენას ჩატბოტის პასუხებზე. კომპანიის თქმით, რეკლამები არ გამოჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებლები ChatGPT-სთან საუბრობენ ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა, მენტალური კეთილდღეობა ან პოლიტიკა. ასევე, ტესტირების ფარგლებში, 18 წლამდე მომხმარებლებს რეკლამები საერთოდ არ გამოუჩნდებათ. OpenAI ამტკიცებს, რომ ის არ გააზიარებს და არ გაყიდის მომხმარებლების საუბრებს ან მონაცემებს რეკლამის განმთავსებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ რეკლამების ტესტირება დაემთხვა Anthropic-ის მიერ Super Bowl-ის ფარგლებში გაშვებულ სარეკლამო კამპანიას (იხილეთ ჩვენი სტატია), სადაც კომპანიამ ირონიულად გააკრიტიკა OpenAI რეკლამების დანერგვის გამო. Anthropic-ის რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ Anthropic-ის ჩატბოტში, Claude-ში რეკლამები არასდროს არ გამოჩნდება.