აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, არ გასცეს 100-წლიანი იჯარა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ვეუბნებოდი, რომ იჯარა არ არის კარგი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნებს, რომ დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც 100-წლიან იჯარის ხელშეკრულებას დებს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც „პრეტენზიას აცხადებს“ დიეგო გარსიას უფლებებზე, საკუთრებასა და ინტერესებზე. დიეგო გარსია სტრატეგიულად მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან ძლიერია და ეს მრავალი წელია ასეა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი სტარმერი კარგავს კონტროლს ამ მნიშვნელოვან კუნძულზე აქამდე უცნობი სუბიექტების პრეტენზიების გამო“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნავს, ირანთან თუ შეთანხმება არ მიიღწევა, შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, დასჭირდეს დიეგო გარსიისა და ფეარფორდის საჰაერო ბაზების გამოყენება.
„ირანი თუ გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა, აშშ-ის მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო თავდასხმა უკიდურესად არასტაბილური და საშიში რეჟიმის მხრიდან. ეს თავდასხმა, შეიძლება, მიმართული იყოს დიდი ბრიტანეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა არ უნდა დაკარგოს კონტროლი დიეგო გარსიაზე ამ 100-წლიანი იჯარის გამო. ეს ტერიტორია არ უნდა ჩამოერთვას დიდ ბრიტანეთს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს. გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა და მავრიკის რესპუბლიკამ შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, მავრიკი ჩაგოსის კუნძულების მფლობელი ოფიციალურად ხდება, მათ შორის კუნძულ დიეგო გარსიის. ბრიტანეთი კი 99-წლიანი იჯარით კუნძულზე კონტროლს ინარჩუნებს და მავრიკის წელიწადში 101 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.
1tv.ge