6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა უმუშევრად დატოვებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ დილერებს, სადილერო კომპანიების თანამშრომლებს, არამედ ათასობით ხელოსანსაც, - აცხადებს „გრინ ლაითის“ დამფუძნებელი სერგი ბერიანიძე.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სერგი ბერიანიძე ყურადღებას ამახვილებს მთავრობის არგუმენტზე, რომ აკრძალვის მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. მისი თქმით, როცა არსებობს ტექდათვალიერება და ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილები პრაქტიკულად, ვერ გადაადგილდებიან, გამოდის, რომ შემოწმებას აზრი არ აქვს და ეს პროცესი უბრალოდ, ფარსია.
„ვფიქრობ, შეკვეთები დაეცემა და მუშაობა გაგვიჭირდება. შესაძლოა, მოგვიხდეს თანამშრომლების გაშვებაც, რადგან ფიზიკურად ვეღარ გავართმევთ თავს, ბიზნესში მძიმე სიტუაცია იქნება.
როგორც ამბობენ, რეექსპორტი არ იზღუდება, რაც მაინც ძალიან წამგებიან მდგომარეობაში ამყოფებს ქართველ დილერებს. ადამიანები, რომლებიც გამოიწერენ 6 წელზე ძველ მანქანებს, მაგრამ რეექსპორტითაც ვერ გაყიდიან, სად უნდა წაიყვანონ? უშუალოდ ვაჭრობის პროცესშიც დამატებით პრობლემები გვექნება, რადგან თუნდაც ყაზახეთში დიდი კოზირი აქვთ ხელში, მათ იციან, რომ ჩვენ ამ მანქანების საქართველოში რეგისტრაციას ვერ შევძლებთ და ყველა ვარიანტში მათი შესაძენი იქნება. შედეგად, სარეექსპორტო მანქანებიც შემცირდება, რადგან ასეთ სარისკო ბიზნესში ადამიანები თანხების ჩადებას ვეღარ შეძლებენ“, - აღნიშნავს სერგი ბერიანიძე.
მისივე თქმით, აკრძალვა ხელს აძლევს ყაზახ და ყირგიზ დილერებს, რადგან აუქციონებზე კონკურენტი მოაკლდებათ. შესაბამისად, მანქანებს კიდევ უფრო იაფად შეიძენენ.
„საკმაოდ დიდი კონკურენტები აკლდებათ ქართველი დილერების სახით. მართალია, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მე-4 ადგილზე ვართ დაზიანებული ამერიკული მანქანების შეძენის კუთხით. გვისწრებს მხოლოდ ნიგერია, მექსიკა და თავად ამერიკა.
რა მიზეზიც მოიტანეს ინიციატივის ავტორებმა, ეს არის ჰაერის დაბინძურება. მაშინ, რისთვის გვაქვს ტექდათვალიერება, ეს სტანდარტებიც ხომ მათი დაწესებულია? ტექდათვალიერების გარეშე ქალაქში ვერ იმოძრავებ, იმხელა ჯარიმებია. გამოდის, რომ ტექდათვალიერება ფარსი ყოფილა და ჰაერი მაინც ბინძურდება. ამ კუთხით ემუშავათ და ნუ შეეხებოდნენ ბიზნესს, სადაც 100 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. როცა ჩვენ გვაქვს სტანდარტი თუნდაც ცეოზე შემოწმების, მაგრამ ჰაერი მაინც ბინძურდება, გამოდის, რომ პრობლემა ტექდათვალიერების რეგულაციებშია და არა - ავტომობილებში.
კიდევ ერთი საკითხი - საქართველოში არის ძალიან დიდი სარემონტო ბაზა. 2025 წელს ამერიკიდან დაახლოებით 120 ათასი მანქანა, აქედან 80 ათასამდე რეექსპორტზე გავიდა. რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ მანქანების რემონტზე, დაითვალეს? რა მანქანებიც შემოდის, 90% ვიზუალურად დაზიანებულია და ყველას რემონტი სჭირდება. უამრავი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე. არ არის საუბარი მხოლოდ ავტოდილერებზე, დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ხელოსნები, რომლებიც ამ საქმით ოჯახებს არჩევენ. არის კიდევ მეორადი ნაწილების ბაზარი, სადაც ასევე ძალიან დიდი პრობლემები გაჩნდება“, - აცხადებს სერგი ბერიანიძე.