ყველამ იცის, რომ გალაქტიკები ვარსკვლავებისგან შემდგარი ვრცელი სტრუქტურებია. ესაა მარტივი განმარტება, რომელიც უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ გალაქტიკები ასევე შეიცავს გაზს, მტვერს, პლანეტებს, მთვარეებს, კომეტებს, ასტეროიდებს და ა. შ. რა თქმა უნდა, ბნელ მატერიასაც.
თუმცა, გალაქტიკების ერთი ტიპი ძირითადად ბნელი მატერიისგან შედგება და მათი დაფიქსირება ჭირს. მათ ბნელ გალაქტიკებს უწოდებენ და ვარსკვლავებს ან საერთოდ არ შეიცავენ, ან ძალიან ცოტას.
მათ არსებობას მეცნიერები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, ანუ ამ დრომდე ჰიპოთეტურ ობიექტებად რჩებოდნენ. აღმოჩენილია ზედაპირის ნაკლები სიკაშკაშის მქონე გალაქტიკები და ბნელი გალაქტიკების კანდიდატი გალაქტიკები.
თუმცა, ტორონტოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ახალ კვლევაში ამ დრომდე ყველაზე ძლიერი კანდიდატი იპოვეს.
კანდიდატ გალაქტიკას CDG-2 (Candidate Dark Galaxy 2) უწოდეს (CDG-1-ის შესახებ წაიკითხავთ აქ). მდებარეობს პერსევსის გალაქტიკათგროვაში, ჩვენგან დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ჩნდება კითხვა — თუ ის ასეთი შავია, როგორ დააფიქსირეს?
საქმე ეხება სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებს. ისინი უმეტეს გალაქტიკაში გვხვდება. წარმოადგენს ვარსკვლავთა სფერულ ჯგუფებს, რომლებშიც ვარსკვლავები გრავიტაციულადაა ერთმანეთთან მიბმული და შეიძლება შეიცავდნენ მილიონობით ვარსკვლავს. ირმის ნახტომის მსგავს სპირალურ გალაქტიკებში ისინი ძირითადად გარე ნაწილში, ე. წ. ჰალოებში გვხვდება. უცნობია მათი წარმომავლობაც, ისევე როგორც ის, რა როლს ასრულებენ გალაქტიკათა ევოლუციაში.
ამ კვლევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი „ევკლიდე“ და იაპონიის სუბარუს ტელესკოპი. ისინი სფეროსებრი გროვების მჭიდრო შეჯგუფებებს ეძებდნენ, რომლებიც შეიძლება გალაქტიკის არსებობაზე მიუთითებდნენ. პერსევსის გროვაში ჰაბლმა ოთხი მჭიდროდ შეკავშირებული სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა იპოვა.
ამის შემდეგ, სამი ტელესკოპიდან მიღებულ მონაცემებს მკვლევრებმა მოარგეს მოწინავე სტატისტიკური მეთოდები, რითაც გამოჩნდა მკრთალი ნათება სფეროსებრი გროვების გარშემო. ეს ნათება ძლიერი მინიშნებაა იმისა, რომ იქ არსებობს გალაქტიკა, რომლის ვარსკვლავებიც იმდენად ჩაბნელებულია, რომ დანახვა ჭირს.
„ეს პირველი გალაქტიკაა, რომელიც მხოლოდ სფეროსებრი გროვების პოპულაციის საფუძველზე დავაფიქსირეთ. კონსერვატიული მოსაზრებებით, ოთხი გროვა წარმოადგენს CDG-2-ის მთელ სფეროსებრ გროვათა პოპულაციას“, — წერენ მკვლევრები.
თუ ეს მოსაზრება მართებულია, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი ამ გალაქტიკის ხილული კონტენტის 16 პროცენტს უნდა შეადგენდნენ. ასევე აღნიშნავენ, რომ CDG-2-ის სიკაშკაშე დაახლოებით ექვსი მილიონი მზის მსგავსი ვარსკვლავის სიკაშკაშეს უდრის.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგების თანახმად, CDG-2 არის სფეროსებრ გროვებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მკრთალი გალაქტიკა და მისი სინათლის სულ მცირე 16,6 % სფეროსებრი გროვების პოპულაციაზე მოდის“, — წერენ მკვლევრები.
მათი განმარტებით, გამომდინარე იმის მაღალი სტატისტიკური მნიშვნელობიდან, რომ CDG-2 არ არის ოთხი სფეროსებრი გროვის შემთხვევითი შეჯგუფება, შემდეგ ერთად დააწყვეს ორი სურათი — V12-ACS-ის და V14-ACS-ის.
ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე შუა სურათი ასახავს ამ ქმედების შედეგს. ასახავს უკიდურესად დიფუზიურ გამოსხივებას ოთხი სფეროსებრი გროვის გარშემო.
მკვლევრები ამბობენ, რომ დიფუზიური გამოსხივების მორფოლოგია თითქმის იდენტურია ჰაბლის და ევკლიდეს მონაცემებში. ასე დაასკვნეს, რომ მისი არსებობა არ შეიძლება გამოწვეული იყოს არცერთ ამ კვლევაში არსებული ვიზუალიზაციის პოტენციური ხარვეზით.
CDG-2-ის დადასტურებას დაუყოვნებლივ მივყავართ CDG-1-თან. CDG-2-ის დიფუზური გამოსხივება შესაძლოა გარკვეულ შეზღუდვებს ქმნიდეს CDG-1-ის გამოსხივებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა დაკვირვებებმა ვერ გამოავლინა დაფიქსირებადი დიფუზიური გამოსხივება CDG-1-ის გარშემო, CDG-2-ის ექსტრემალურობა აჩენს კითხვას იმის თაობაზე, იქნებ CDG-1 მისი უფრო ექსტრემალური ტყუპისცალი იყოს, რომელშიც სფეროსებრი გროვების გარეთ ვარსკვლავთა წარმოქმნა რთულია“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ CDG-1 შეიძლება პირველი მაგალითი იყოს გალაქტიკისა, რომელიც მხოლოდ ბნელი მატერიის ჰალოა, რომელშიც სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების გარდა, სხვა ვარსკვლავები საერთოდ არ არის.
რაც შეეხება მის წარმოშობას, სავარაუდო სცენარია ის, რომ პერსევსის გროვის სხვა გალაქტიკებთან ურთიერთქმედებამ CDG-2-ს გამოაცალა ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზი და მასში მხოლოდ ბნელი მატერია დატოვა. ვინაიდან სფეროსებრი გროვები ძლიერ მჭიდროდაა შეკრული, უკეთესად უძლებენ მოქცევით გრავიტაციულ ძალებს. შესაძლოა, თავდაპირველი ვარსვლავური პოპულაციიდან მხოლოდ ისინიღა შემორჩნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გროვების წარმომავლობა და გალაქტიკის ევოლუციაში მათი როლი ჯერ უცნობია, აშკარად აქვთ ასტრონომიული გამოსადეგობა. ეს კვლევა მიუთითებს, რომ სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები შეიძლება ბნელი მატერიის საიმედო მიმანიშნებლები იყოს.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.