რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა, უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრამდე 3 კვირით ადრე, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ნახატების კოლექცია დამალა, რომელიც 2018 წლის მდგომარეობით დაახლოებით ერთი მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ამის შესახებ The Guardian-ი და სხვა პუბლიკაციები, კვიპროსის ბიზნესრეგისტრატორ MeritServus-ის გაჟონილი ფაილების მონაცემებზე დაყრდნობით წერენ.
MeritServus-ის ფაილები შეიცავდა აბრამოვიჩის ოჯახის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციის აღწერას. ცნობილია, რომ 2018 წლის მონაცემებით, კოლექცია სულ მცირე 369 ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, რომელთა საერთო ღირებულება 962 მილიონი დოლარია.
აბრამოვიჩის შედევრების სიაშია: ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ლუსიან ფროიდის, ალბერტო ჯაკომეტის, კლოდ მონეს, რენე მაგრიტის, კაზიმირ მალევიჩის და სხვათა ცნობილი ტილოები.
ცნობილია, რომ 2008 წელს აბრამოვიჩმა ფრენსის ბეკონის „ტრიპტიხი“ (კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული ობიექტი) 86,3 მილიონ დოლარად შეიძინა; კაზიმირ მალევიჩის „სუპრემატისტური კომპოზიცია" (1919-1920) 2000 წელს მხატვრის მემკვიდრეებმა აუქციონზე გაიტანეს, სადაც ის 17 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის სახელი არ გახმაურებულა. MeritServus-ის ფაილებიდან ირკვევა, რომ ნამუშევარი 2013 წელს უკვე აბრამოვიჩს ეკუთვნოდა; ლუსიენ ფროიდის „მძინარე სოციალური მუშაკის“ სავარაუდო ღირებულება ოფშორულ დოკუმენტებში 33,6 მილიონი დოლარია; კლოდ მონეს „პლაჟი ტრუვილში" - 15,9 მილიონი.
კოლექციას კომპანია Seline-Invest-ს ეკუთვნის, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მას აკონტროლებს კვიპროსის Ermis Trust Settlement-ი, რომელიც 2010 წელს დაარსდა, მაშინ, როდესაც აბრამოვიჩი მისი ერთადერთი ბენეფიციარი იყო.
გამოცემა წერს, რომ 2021 წლის დასაწყისში, აბრამოვიჩის ცოლთან დარია ჟუკოვასთან განქორწინების შემდეგ, წილები ყოფილ მეუღლეებს შორის თანაბრად გაიყო. თუმცა, 2022 წლის 4 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 3 კვირით ადრე, აბრამოვიჩმა ჟუკოვას აქციების 1% მისცა და აქციების თანაფარდობა 51%-49%-ზე გახდა. ამ ცვლილებების განხორციელებიდან ერთი თვის შემდეგ, აბრამოვიჩი მართლაც აღმოჩნდა ევროკავშირისა და დიდი ბარიტანეთის სანქციების ქვეშ და მისი აქტივები გაყინეს. ხელოვნების კოლექციებზე სანქციები ჯერ არ დაწესებულა. უცნობია სად ინახავენ აბრამოვიჩი და მისი ყოფილი ცოლი კოლექციას. არც ერთი მათგანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.