2026 წლის იანვარ-აგვისტოში შუა დერეფნის გავლით დაახლოებით 54 ათასი TEU-ის მოცულობის კონტეინერი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-იანი ზრდაა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზის (ADY) შვილობილი კომპანია ADY Express-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა რაშად მეჯიდოვმა აზერბაიჯანული მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კონტეინერული გადაზიდვების ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე მოდის - ამ მარშრუტით 2026 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 42 ათასი TEU გადაიზიდა.
ამასთან, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაზიდვების მოცულობა მხოლოდ 10-11 ათას TEU-ს შეადგენს.
მეჯიდოვის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებებს შორის არსებული დისბალანსის შემცირება ADY-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შუა დერეფანი, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპასთან აკავშირებს. მარშრუტი ბოლო წლებში საერთაშორისო ვაჭრობისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო მიმართულების სახით მნიშვნელობას იძენს.
რედაქციის შენიშნვნა: 1 TEU იგივეა, რაც ერთი 20-ფუტიანი კონტეინერი